Image

ზაზა ჭუმბურიძე , პარტია "გახარია საქართველოსთვის" პროგრამის თანა-ავტორია.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არის სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგიის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის ძირითადი ფასეულობები ეფუძნება ამ პოლიტიკური იდეოლოგიის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. 

მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ადამიანის მოწოდებაა იყოს თავისუფალი და მას აქვს უფლება ისარგებლოს თავისუფლებით. ამ უფლების რეალიზაციისთვის კი აუცილებელია საერთო ძალისხმევა და შესაბამისი დემოკრატიული ინსტიტუტები. მოქალაქეთა თავისუფლების მხოლოდ ფორმალური აღიარება საკმარისი არ არის. უფლებების რეალიზებისათვის ადამიანები უნდა იყვნენ ინფორმირებულები, ხელი უნდა მიუწვდებოდეთ საზოგადოებრივ სიკეთეებზე და გააჩნდეთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის და გადაწყვეტილებებში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობა, რაც მათი პასუხისმგებლიანი და გონივრული ქმედებების გარანტიაა. 

მხოლოდ ასეთი პირობები აყალიბებს სახელმწიფოში რეალურ დემოკრატიულ მმართველობას, სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ სამართლიან პოლიტიკურ სისტემას და დემოკრატიულ წესრიგს. შეუძლებელია გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობა არასათანადო ინფორმირებულობის ან/და მოვლენათა ადეკვატური შეფასების უნარის გარეშე. ამ უნარების გამომუშავების წინაპირობა კი დემოკრატიულ საზოგადოებაში შესაბამისი საგანმანათლებლო სისტემის და ეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს არსებობაა. ეს ურთიერთმიმართება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური ქსოვილის ყველა მიმართულებაში ვლინდება. შეუძლებელია შრომის სამართლიანი, უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების უფლებით სარგებლობა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებელი და აღმასრულებელი ჩარჩოს არარსებობის პირობებში, რაც თავის მხრივ მოითხოვს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის შესაბამის პოლიტიკას. 

საქართველოში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ეკონომიკაში ფორმალურმა ლიბერალურმა მიდგომებმა და თავისუფლების არასწორმა გაგებამ, ვერ აღმოფხვრა მნიშვნელოვნად ეკონომიკური უთანასწორობა, ვერ გამოასწორა შრომის არაჰუმანური პირობები და ვერ უზრუნველყო ადამიანების პოლიტიკური თუ სამოქალაქო უფლებების თანაბარი რეალიზება. სოციალ-დემოკრატიის მთავარი ამოცანაა ამ დაბრკოლებების გადალახვა.  

სწორედ თავისუფლების ისეთ სრულ ღირებულებად აღქმას, რაც გულისხმობს „თავისუფლებას არა ზოგიერთებისთვის არამედ ყველასთვის, სინდისის და სიტყვის თავისუფლებას და აგრეთვე გაჭირვებისა და შიშისგან თავისუფლებას“ - მივყვართ სოციალურ სამართლიანობამდე. სოციალური სამართლიანობა თავის მხრივ ეფუძნება ადამიანთა ღირსეულ თანასწორობას. ის გულისხმობს, რომ საზოგადოების ყველა წევრს შეუძლია ისარგებლოს თანაბარი უფლებებით და ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობით. კორუფცია, ნეპოტიზმი და კანონის არასაკმარისი უზენაესობა ამძაფრებს უსამართლობის განცდას ქვეყანაში და ზღუდავს საზოგადოების წვდომას ეთიკურ ღირებულებებზე დაფუძნებულ სამართლიანობაზე. 

შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო მმართველობა მიმართული უნდა იყოს საზოგადოების ყველა წევრისთვის წარმატების შესაძლებლობების გაზრდისა და თანაბარი ხელმისაწვდომობისკენ. რაც თავის მხრივ მიიღწევა მატერიალური და არამატერიალური რესურსების სამართლიანი განაწილებით დამსახურებისა ან/და საჭიროებების მიხედვით. გვესმის რა, რომ ეს რესურსები შეზღუდულია, სოციალური სამართლიანობის უზრუნველყოფის მთავარ მექანიზმად მიგვაჩნია სახელმწიფოს განვითარებაში ყველა ადამიანის მიერ შეტანილი წვლილის აღიარება და ამ წვლილის პატივისცემა, რაც შემდგომ თავს იჩენს სახელმწიფო რესურსების განაწილების პრინციპში - განვითარების პროცესში შეტანილი წვლილის შესაბამისად. 

ეფექტიან პოლიტიკაში ისეთი მასშტაბისა და საყოველთაოდ აღიარებული ფასეულობის განსახორციელებლად, როგორიცაა თავისუფლება და სოციალური სამართლიანობის პრინციპები - აუცილებელია საერთო ეროვნული თუ საზოგადოებრივი შეთანხმება, რომელიც დაეფუძნება საზოგადოების წევრთა ერთმანეთისადმი პასუხისმგებლობის გრძნობას. როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოს განვითარების პროცესში საზოგადოების მონაწილეობაზე, მათ შორის ვგულისხმობთ, საზოგადოების სოციალურ ცნობიერებაში საერთო ინტერესით განპირობებული თანაგრძნობის, სოლიდარობის გამოვლინებას. დღეს, ყველა ვთანხმდებით, რომ სახელმწიფომ საბიუჯეტო რესურსებით უნდა უზრუნველყოს ყველაზე შეჭირვებული ოჯახების, ასაკით პენსიონერების, მარტოხელა მშობლებისა თუ სხვა მოწყვლადი ჯგუფების სოციალური მხარდაჭერა. სოლიდარობის ცნება ისტორიულად ინსტიტუციონალიზდა და მნიშვნელოვნად გაფართოვდა ევროპული სახელმწიფოების მოწყობაში და ორგანიზებული ფორმა მიიღო უმუშევრობის, ჯანმრთელობის, საპენსიო თუ სხვა სახის დაზღვევის მექანიზმების თუ დასაქმებულთა სოლიდარული ინსტიტუტების სახით. ეს ხაზს უსვამს ამ ფუნდამენტური ღირებულების როლსა და ეფექტიანობას დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. ამგვარად, ჩვენი კონსტიტუციური შეთანხმება, რომ საქართველო არის სოლიდარული სახელმწიფო, დღეს ჩვენს საზოგადოებაში აღქმული და გააზრებულია. 

ამავდროულად, ჩვენი ორგანიზაციის მიზანი სოლიდარობის პრინციპების მეტად მხარდაჭერა და გაძლიერებაა, რაც გაზრდის სოციალურ სახელმწიფოში - მკაფიოდ ჩამოყალიბებული წესებით და ორგანიზაციებით ფუნქციონირებად პოლიტიკურად გარატირებულ სისტემაში - ჩვენი საზოგადოების ინდივიდუალური დახმარებისთვის მზადყოფნას. 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ თავისუფლების, სოციალური სამართლიანობის და სოლიდარობის თანაბრად მნიშვნელოვან პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება გარდაქმნის საბოლოოდ საქართველოს უსაფრთხო, განვითარებულ და დემოკრატიულ ევროპულ სახელმწიფოდ, სადაც მის თითოეულ მოქალაქეს ექნება წარმატების მისაღწევად თანაბარი პირობები, ოჯახის კეთილდღეობისთვის გარანტირებული შესაძლებლობა, უსაფრთხოების და სიმშვიდის განცდა.  

ჩვენი ხედვის შესაბამისად, ასეთი სახელმწიფოს ჩამოყალიბების ყველაზე ეფექტიანი გზა დღეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების უნიკალური შესაძლებლობის გამოყენებაა. საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ საბოლოო ტრანსფორმაციისთვის აუცილებელია ხელისუფლებამ სწრაფად გარდაქმნას სახელმწიფო ინსტიტუტები და დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამიტომ, ჩვენი ორგანიზაციის მთავარი პოლიტიკური მიზანიც სწორედ საქართველოს ევროკავშირში სწრაფი და სრულფასოვანი გაწევრიანებაა. 

ჩვენი ხედვით, ქვეყნის გარდაქმნის პროცესი უნდა განხორციელდეს მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობით და დემოკრატიული განვითარებისა და სოციალური დემოკრატიის უზრუნველყოფისთვის საჭირო რეფორმების რეალური დღის წესრიგის განხორციელებით. რეფორმების ეს დღის წესრიგი აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის თანამშრომლობის პოლიტიკის დოკუმენტებსა და საქართველოს მიერ აღიარებულ საერთაშორისო დეკლარაციულ ნორმებს. 

ჩვენი ამოცანა ისეთი ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაა, სადაც კეთილდღეობა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და არა ადამიანთა მცირე ჯგუფის პრივილეგია. მიგვაჩნია, რომ თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს შექმნაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ თითოეულ მოქალაქეს ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები მხოლოდ ქაღალდზე კი არ ჰქონდეს მინიჭებული, არამედ სახელმწიფო ქმნიდეს ამ უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზების შესაძლებლობას. მიგვაჩნია, რომ ევროპული კეთილდღეობის სახელმწიფოს მშენებლობა ჩვენს საზოგადოებაში თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის ფუნდამენტური ფასეულობების გამყარებასთან ერთად, სოციალური დემოკრატიის განმტკიცების რეალური შესაძლებლობაა, რაც თავის მხრივ ქმნის გარანტიას, რომ საზოგადოების ყველა წევრის ფუნდამენტური უფლებები იქნება არამხოლოდ ფორმალურად დეკლარირებული როგორც ეს დღევანდელ საქართველოშია, არამედ სახელმწიფოში იმუშავებს ამ უფლებების რეალიზების, ხელმისაწვდომობის (გამოყენების) და დაცვის კონკრეტული მექანიზმები.

ზაზას ხედვა

თავდაცვა

სოციალური საკითხები

ახალგაზრდები

ჯანმრთელობა

ადამიანის უფლებები

Image

სამართალი

image

განათლება

Image

რეგიონალური განვითარება

დარჩი კავშირზე

ზაზა საქართველოსთვის

0179, ლია ელიავას ქ 12
თბილის,საქართველო

Copyright © 2021 Dorik