დასაქმების ხელშეწყობა და ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა

საქართველოში დასაქმების პრობლემა ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე მხოლოდ სამუშაო ადგილების ნაკლებობა. „ქართული ოცნების“ მმართველობის ბოლო 5 წლის განმავლობაში, დასაქმების მაჩვენებელი მხოლოდ 1.8%-ით გაიზარდა. ეს ზრდაც კი სამუშაო ძალის მაჩვენებლების კლებითა და თვითდასაქმებულთა რაოდენობის მატების ხარჯზე მოხდა. დაქირავებულ დასაქმებულთა რიცხვი ბოლო 5 წლის განმავლობაში მხოლოდ 17 ათასი ადამიანით გაიზარდა. დაქირავებით დასაქმებულთა ეს ზრდა, საჯარო სექტორში ამავე პერიოდში დასაქმების მაჩვენებლის 21 ათასი ადამიანით მატებამ განაპირობა. საჯარო სექტორში დასაქმებულთა რიცხვის ასეთი ზრდა გამოიწვია უკვე 2 წლის განმავლობაში მოქმედმა ე.წ. საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების სახელმწიფო ქვეპროგრამამ. ეს პროგრამა, დასაქმების აქტიური პოლიტიკით განსაზღვრული ამოცანების შესრულების ნაცვლად, ორიენტირებულია მმართველი პარტიისადმი ლოიალურად განწყობილი, სოციალურად დაუცველი პირების და მათი ოჯახის წევრების საჯარო სექტორში დასაქმებაზე. ქვეპროგრამით დასაქმებული პირების 85% დასაქმებულია ხელოვნურად შექმნილ პოზიციებზე (სასაფლაოს მომვლელი, მეეზოვე, დარაჯი, დამხმარე, ჭურჭლის მრეცხავი და სხვ). საჯაროდ გაცხადებული მიზნების მიუხედავად, ამ პოზიციებზე დასაქმებული პირების შრომითი უნარების გაუმჯობესებაზე არავინ ზრუნავს, ხშირად ისინი სამსახურებშიც არ დადიან, მათი დასაქმება ფორმალურია. და ეს იმ დროს, როდესაც მათ ანაზღაურებაზე წლიურად ბიუჯეტიდან 80-დან 120 მილიონ ლარამდე იხარჯება. 

ამ ქვეპროგრამის გარდა, სახელმწიფო სექტორში გაზრდილია ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობაც, რაც ასევე ადმინისტრაციული რესურსის არარაციონალური გამოყენებაა, რადგან ძირითადად მიმართულია მმართველი პარტიის არჩევნებზე მხარდაჭერის უზრუნველყოფისკენ. ამ მიმართულებით, სხვადასხვა შეფასებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არამიზნობრივად იხარჯება 150-დან 200 მილიონ ლარზე მეტი. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაზე ფორმალურად არსებობს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, ქვეყანაში ეფექტიანად არ ხორციელდება დასაქმების არც პასიური და არც აქტიური სტრატეგიები, ხოლო 100-ეულობით მილიონი ლარი ბიუჯეტიდან გამოიყენება არა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების, სუბსიდირებული სატრენინგო საქმიანობების და დასაქმების საინფორმაციო სისტემების განვითარებაზე, არამედ ხმარდება ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ლოიალურობის ყიდვას. 

რაც შეეხება კერძო სექტორს, აქ დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვი ბოლო 5 წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ შეცვლილა და დაახლოებით, 600 ათასი ადამიანია. კერძო სექტორში დასაქმების მაჩვენებელი ძირითადად, თვითდასაქმებულთა ხარჯზე გაიზარდა. ცალკე საკითხია თვითდასაქმებულთა სტრუქტურა, რომელთა ნახევარიც სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ის პირები არიან, რომლებიც ახდენენ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნახევარის რეალიზებას მაინც. თვითდასაქმებულთა სექტორში დაფიქსირებული ზრდის ძირითადი ნაწილი სამშენებლო სექტორთან დაკავშირებულ საქმიანობებსა და ვაჭრობაზე მოდის. თვითდასაქმებულთა რიცხოვნობის ზრდა არის ციკლური, ასახავს ეკონომიკური ზრდის ზოგად ტენდენციას და არ არის განპირობებული ამ პირების მდგრად და სტაბილურ საქმიანობასთან. 

შრომითი უფლებების დაცვის აუცილებლობაზეა აქცენტი გასაკეთებელი. 

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ დასაქმების მიმართულებით პრიორიტეტულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფა. განსაკუთრებული აქცენტი დაეთმობა სახელმწიფოს როლს დასაქმების მხარდამჭერი აქტიური და პასიური პოლიტიკის გატარების მიმართულებით. ჩვენი პარტიის მიზანია ახალგაზრდების დასაქმების განსაკუთრებული ხელშეწყობა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ვერ პოულობენ სამსახურს და მიდიან ემიგრაციაში. ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნისათვის, მათ შორის, დასაქმების ხელშეწყობისათვის ახალგაზრდებსა და ქალებში პარტია შემდეგ ნაბიჯებს გადადგამს: 

წარვადგენთ უნარების განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიციატივას წლიური ჯამური ბიუჯეტით 300 მლნ. ლარი. ამ ინიციატივის ფარგლებში, კვალიფიკაციის გაუმჯობესებისა და უნარების განვითარების საშუალება მიეცემა 140 ათას მოქალაქეზე მეტს. მათი უმრავლესობა სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირია. ინიციატივის ფარგლებში: 

განხორციელდება კურსდამთავრებულთა დასაქმების პროგრამა (70 მლნ. ლარი) - პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად დასაქმდება 10 ათასი კურსდამთავრებული საკუთარი პროფესიით კერძო და სახელმწიფო სექტორში. ამ დასაქმების ფარგლებში, სახელმწიფო მათ გადაუხდის ხელფასის ნაწილს მინიმალური ხელფასის ოდენობით - 950 ლარს დასაქმების 6 თვის განმავლობაში. ამ ინიციატივის ფარგლებში, კურსდამთავრებულები მიიღებენ სამუშაო გამოცდილებას, გაიაზრებენ რა მიმართულებით სურთ საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლება, უზრუნველყოფილი იქნებიან მინიმალური ფინანსური რესურსით დასაქმების საწყის პერიოდში. 

დაინერგება სოციალურად დაუცველებისთვის და რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის სუბსიდირებული პროფესიული საგანმანათლებლო და სასერტიფიკაციო პროგრამა (120 მლნ. ლარი) - ეს პროგრამა გულისხმობს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ბენეფიციარი შრომისუნარიანი მოსახლეობისა და რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარების ღონისძიებებს. პირველ რიგში ამ აპლიკანტებისთვის, შეიცვლება და მნიშვნელოვნად გამარტივდება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის არსებული კანონით დადგენილი წესი. 

პროფესიული უნარების სასერტიფიკაციო პროგრამა კერძო პროფესიულ სასწავლებლებში სოციალურად დაუცველი პირებისთვის იქნება უფასო, ხოლო სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სახელმწიფო სწავლის პერიოდში დაუფინანსებს სატრანსპორტო და საყოფაცხოვრებო ხარჯებს. ხელმისაწვდომი იქნება ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიები, ჯანდაცვა, მშენებლობა, მწვანე ტექნოლოგიები, შრომითი უსაფრთხოების და შრომითი უფლებების საკითხები, დისტანციური დასაქმებისთვის შესაბამისი სხვადასხვა მიმართულებები. ამ პროგრამის ფარგლებში მონაწილეთა საორიენტაციო რაოდენობაა 50 ათასი პირი. ვუზრუნველყოფთ საგანმანათლებლო პროცესზე პირების როგორც ფიზიკურ, ასევე დისტანციურ წვდომას. 

შეიქმნება შრომის ბაზარზე პოზიციონირების და კარიერული დაგეგმვის პროგრამა (50 მლნ. ლარი). ამ პროგრამის ფარგლებში, პროფესიული საგანმანათლებლო და სასერტიფიკაციო პროგრამის ბენეფიციარი პირები მომზადდებიან შრომის ბაზარზე პოზიციონირებისთვის და განივითარებენ ამ პროცესისთვის საჭირო უნარებს. პროგრამა გულისხმობს ისეთი სერვისების მიწოდებაში მომზადებას, როგორებიცაა დასაქმებისთვის კონსულტაცია, დასაქმებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, სამუშაო და გასაუბრებასთან დაკავშირებული შეხვედრებისთვის მომზადება. 

ამოქმედდება „დუალური“ სწავლების ორმხრივი პროგრამა (60 მლნ. ლარი) - სახელმწიფო დააფინანსებს არამხოლოდ იმ პროფესიულ პროგრამებს, რომელთა სწავლების შედეგების 50% მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში, არამედ იმ ბიზნეს სუბიექტებს, რომლებიც წინასწარ განსაზღვრული წესებით და პირობებით რეალურ სამუშაო გარემოში უზრუნველყოფენ პირთა პროფესიულ გადამზადებას/ სტაჟირებას. ბიზნეს სუბიექტები ჩაერთვებიან ამ პროგრამაში მარტივი საკვალიფიკაციო პროცედურების შემდეგ. 

ინიციატივის ფარგლებში, შეიქმნება შესაძლებლობები მათ შორის დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვისაც. ამ ღონისძიების ფარგლებში, კვალიფიკაციის ამაღლებას შეძლებენ ის პირებიც, რომლებიც სარგებლობენ შვებულებით ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო.  

დასაქმების პოლიტიკის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება „დიგიტალური“ უნარების განვითარებაზე. განხორციელდება საერთაშორისო დისტანციური დასაქმების პლატფორმებზე დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებისა და ამ პლატფორმებზე პოზიციონირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადების ხელშეწყობის პროგრამა. 

ამოქმედდება დროებითი უმუშევრობის დაზღვევის მექანიზმი - დროებით უმუშევრად დარჩენილ პირს ექნება გარანტია, რომ ის არ დარჩება მარტო ფინანსური პრობლემების წინაშე და სამუშაოს პოვნამდე 3-6 თვის განმავლობაში მიიღებს უმუშევრობის დაზღვევას 950 ლარის ოდენობით.

დაწესდება კანონით განსაზღვრული მინიმალური ხელფასის მოცულობა - 950 ლარი. ეს შეეხება, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს. მცირე, საოჯახო ბიზნესისა და სტარტაპ ბიზნესის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ამ კატეგორიის ეკონომიკური სუბიექტები დადგენილი ვადით გათავისუფლდებიან მინიმალური ხელფასის გადახდის ვალდებულებისაგან. 

დასაქმებულთა უფლებების დაცვის მიზნით, გაძლიერდება შრომის ინსპექციის საკანონმდებლო და ინსტიტუციური შესაძლებლობები. 

შრომით კანონმდებლობაში შეიქმნება ე.წ. პლატფორმით (საკურიერო, ტაქსის და სხვ აპლიკაციები) და დისტანციურად დასაქმებულთა შრომითი უფლებების სტანდარტები და მათი დაცვის სპეციალიზებული მექანიზმები. 

დაინერგება შრომის საათობრივი ანაზღაურების სისტემა - დასაქმების თანამედროვე მექანიზმების შემოღებასთან ერთად, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შრომის ანაზღაურებისა და საგადასახადო ადმინისტრირების მოქნილი სისტემის დანერგვა. ამისთვის ეტაპობრივად დაინერგება შრომის საათობრივი ანაზღაურება. ეს თავის მხრივ მნიშვნელოვანია ე.წ. პლატფორმით და დისტანციურად დასაქმებული ადამიანების შრომის უფლებების ეფექტიანად დაცვისთვისაც.

შრომითი უსაფრთხოების სფეროში გაძლიერდება მუშაობა საკანონმდებლო ბაზის დახვეწასა და პრაქტიკაში სრულყოფილად დანერგვაზე. პრიორიტეტული იქნება შრომის უსაფრთხოების კუთხით მიღებული რეგულაციების პრაქტიკაში ეფექტიანი აღსრულება და შრომის ინსპექციის მანდატის გაძლიერება განსაკუთრებით მომატებული საფრთხეებისა და კერძო სექტორის მიერ შრომითი უსაფრთხოების ნორმებთან შესაბამისობის კონტროლისთვის. 

გათანაბრდება მშობლის მიერ, ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებით სარგებლობისას საჯარო სამსახურის შესახებ კანონითა და შრომის კოდექსით გათვალისწინებული სოციალური გარანტიები. პირველ ეტაპზე, კერძო სექტორში დასაქმებული მშობლის შემთხვევაში, ე.წ. დეკრეტული შვებულებით სარგებლობისას, ერთჯერად 2000 ლარიან კომპენსაციასთან ერთად, სახელმწიფო უზრუნველყოფს დასაქმებულს მინიმალური ხელფასის მოცულობის - 950 ლარიანი კომპენსაციით 6 თვის განმავლობაში. ხოლო რეფორმის შემდგომ ეტაპზე, სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად უზრუნველყოფს დასაქმებულის მინიმალური ხელფასის მოცულობის კომპენსაციით კანონით გათვალისწინებული შვებულების 1 წლამდე პერიოდის განმავლობაში, იგივე შეეხება ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევებს. სოციალური გარანტიების ეს სტანდარტი გავრცელდება ორივე მშობელზე. 

გაუმჯობესდება ზეგანაკვეთური შრომის აღრიცხვისა და ანაზღაურების საკანონმდებლო გარანტიები და დიფერენცირებულად გაიზრდება ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ნორმა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით. ზეგანაკვეთური შრომისთვის, დასაქმებული მიიღებს საათობრივი ანაზღაურების სულ ცოტა, 125%-დან 250% - მდე. ეკონომიკურ საქმიანობათა შესაბამის ჩამონათვალს განსაზღვრავს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია. 

სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით შეიქმნება 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. თბილისის მეტროს გაფართოებისა და სატრანსპორტო გამტარუნარიანობის გაუმჯობესების პროექტის, თბილისი-რუსთავის დამაკავშირებელი მიწისზედა მეტროს, თბილისიდან-ენგურამდე ავტობანის, ბათუმის ტურისტული ტრანსფორმაციის, დუშეთის საბაგიროს და სხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის შეიქმნება 60 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. ხოლო ახალი რეგიონული პოლიტიკის, მათ შორის ტურისტული მიზიდულობის ახალი ცენტრების მშენებლობისთვის შეიქმნება დამატებით 20 ათასი სამუშაო ადგილი.